ინფორმაციული უსაფრთხოება გლობალურ საინფორმაციო სივრცეში დღევანდელობის ერთერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს. ჩვენს დროში მკვეთრად განვითარდა ინფორმაციის დაგროვების საშუალებები, მატულობს დაგროვილი ინფორმაციის მოცულობა და დახვეწილია მისი ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა. გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ხშირად კონფიდენციალური შინაარსის მონაცემები მოძრაობს, რომლის დაკარგვა და არაავტორიზებული გამოყენება შეიძლება სერიოზულ, ხოლო ხშირად კატასტროფულ პრობლემად იქცეს.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვეობის ერთერთი უმთავრესი ამოცანა გახდა, თუმცა სადღეისოდ მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში კიბერუსაფრთხოების საკმარისი კომპეტენციით აღჭურვილი სპეციალისტების საგრძნობი დეფიციტია.

ქალაქ გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ამა წლის 15-19 აპრილს გაიმართება სეზონური სკოლა “კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში“, რომელიც სწორედ აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს მიეცემათ იშვიათი შესაძლებლობა – გაეცნონ კიბერუსაფრთხოების ერთიან სივრცეს და მდიდარი თეორიული და პრაქტიკული მასალის საშუალებით აიმაღლონ გამოცდილება.

სეზონური სკოლა შემდეგ ძირითად თემებს მოიცავს:

  • გლობალურ საინფორმაციო სივრცეში განთავსებული ინფორმაციასთან მიმართვის უფლებები და ვალდებულებები
  • კიბერუსაფრთხოების სტრუქტურა და მისი სხვადასხვა დონეები (ფიზიკური, ლოგიკური, სოციალური)
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების კვლევის და ანალიზის მეთოდები
  • ინფრასტრუქტურული რისკების კლასიფიკაცია და მათი მინიმუმამდე შემცირების მეთოდები
  • საქართველოს კიბერუსართხოების სისტემა – უპირატესობები და ნაკლოვანებები
  • კიბერცნობიერების ამაღლების და კიბერჰიგიენის დაცვის მეთოდები
  • ინფორმაციის დაცვის თეორიული მეთოდები და ინსტრუმენტები
  • კიბერუსაფრთხოება სერვერულ სისტემებში, მონაცემთა ბაზებში, ლოკალურ ქსელებსა და ინტრანეტში

პროექტის პროგრამა მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს. აუდიტორიის განკარგულებაში იქნება პრეზენტაციები, ინტერაქტიული სასწავლო ინსტრუმენტები, ვიდეო მასალა, სიმულატორები და ინოვაციური სწავლების სხვა დამხმარე ინსტრუმენტები. სასწავლო ღონისძიებებს ჩაატარებენ კიბერუსართხოების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.

სეზონური სკოლის დასრულებისთანავე მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამაში მონაწილის სერტიფიკატი.

პროგრამაში ჩართული 15 ახალგაზრდისთვის სწავლა, განთავსება, კულტურული პროგრამა და კვება საგრანტო პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდება.